1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემის გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდებს შორის სმს მედიატიზირებული ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც პოპულარობით უკვე ჩატს, ელექტრონულ ფოსტას, ხმოვან შეტყობინებებსა და თვით სატელეფონო საუბარსაც კი უსწრებს.

სმს ხდება ერთგვარი კულტურა, რომელსაც მრავალმხრივი მოხმარება და მომხმარებელთა მრავალფეროვანი წრე გააჩნია. სმს უკვე საგრძნობლად გასცდა თავის თავდაპირველ -კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ფუნქციებს და გახდა შემოქმედებისა და არტისტული ინოვაციის საშუალება.

პოექტის მიზანია სმს-ის, როგორც ახალი კულტურისა და მასთან დაკავშირებული ახალი სამეტყველო ტიპის თავისებურებების გამოვლენა-შესწავლა. 
Lundi 21 avril 2008 1 21 /04 /Avr /2008 07:37

ციფრული შეტყობინებების წერისა და ინტერპრეტაციის ანალიზს მივყავართ ელექტრონული დისკურსის ზეპირ ხასიათთან, უფრო კონკრეტულად კი დგება ზეპირ და წერით მეტყველებას შორის საზღვრების არევის საკითხი. ბევრ ნაშრომში ხაზგასმულია ამგვარი დისკურსის ჰიბრიდული ხასიათი, რაც, თავის მხრივ, გვაიძულებს ზეპირისა და წერის დაპირისპირების მაგივრად ყურადღება შევაჩეროთ მათ შორის არსებულ კონტინუუმზე. მათლაც, ამგვარი ოპოზიცია საეჭვო ხდება ელექტრონულად მედიატიზირებული საუბრის (განსაკუთრებით სინქრონული სახის) შემთხვევაში, რომელიც შეიცავს როგორც ზეპირი ასევე წერითი მეტყველების მახასიათებლებს და წარმოადგენს სრულიად ახალ რეგისტრს - ინტერაქტიულ წერით მეტყველებას.

ზოგიერთი კვლევა, გარდა იმისა, რომ ამტკიცებს ელექტრონული დისკურსის ჰიბრიდულ ხასიათს, ცდილობს გამოააშკარაოს ის მახასიათებლები, რომლებიც მას ერთის მხრივ ზეპირმეტყველებასთან, მეორეს მხრივ კი წერასთან აახლოებს. მაგალითად, ციფრულ დისკურსს ზეპირთან საერთო აქვს პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელების მესამე პირთან შედარებით უფრო ხშირი ხმარება (Yates 1996, collot & Belmore1996). ელექტრონულ მეტყველებას ზეპირმეტყველებასთან ყველაზე მეტად აახლოებს ის დისკურსიული ხერხები, რომლებიც ახდენს პირისპირ ინტერაქციისათვის დამახასიათებელი პარავერბალური და არავერბალური მარკერების ფუქციონალობების რეპროდუქციას (Marcoccia 2000b, Panckhurst 2006). მათ შორისაა სიცილაკები, ემფაზის სიმულირებისთვის გამოყენებული ასომთავრული ასოები, წარმოთქმის ეფექტის შესაქმნელად გარკვეული ბგერების გამეორება-გაგრძელება, როგორც მაგ. « Hmmm » (Yates & Orlikowski, 1993).

ზეპირთან მსგავსების მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრონულ დისკურსს წერითი მეტყველებისთვის დამახასიათებელი ბევრი შტრიხი გააჩნია. მაგალითად, არსებითი სახელები უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე ზმნები, ხშირია კლასიკური კითხვითი ფორმების ხმარება. ელექტრონული დისკურსი ლექსიკურად დატვირთულია, ზეპირმეტყველება - გრამატიკულად (Panckhurst 1999,Yates 1996); ციფრული დისკურსის ე.წ. type / token რაციო (განსხვავებული სიტყვების რიცხვი სიტყვების საერთო რაოდენობასთან შედარებით) წერასთან უფრო ახლოსაა ვიდრე ზეპირთან (Yates 1996).  

დაბოლოს, ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს გამოყოს საკუთრივ ელექტრონული დისკურსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ კატეგორაში შედის ისეთი ფენომენები, როგორიცაა: უპირატესად აწმყო დროის გამოყენება (Panckhurst & Bouguerra 2003); პირველი პირის  უფრო ხშირი ხმარება ვიდრე ზეპირსა და წერაში (Pachkurst 1999); მოდალური ზმნების ხშირი გამოყენება (Panckhurst & Bouguerra 2003); წერის გამარტივების ისეთი ხერხები, როგორიცაა აბრევიაცია, ფონეტიკური დამწერლობა (Anis 2000, Lienard 2005). აღსანიშნავია, რომ სიცილაკის, როგორც ემოციის გრაფიკული გამოხატვის ხმარება ზოგიერთ ნაშრომში ელექტრონული კომუნიკაციისთვის სპეციფიურ მახასიათებლადაა წარმოდგენილი და არა ზეპირმეტყველებასთან დამაახლოებელ შტრიხად (Yates 1996, Liénard 2005).

საერთო ჯამში, აშკარაა ელექტრონული დისკურსის ჰიბრიდული ხასიათი: მასში თანაარსებობს ერთდროულად წერისა და ზეპირმეტყველების მახასიათებლები და საკუთრივ აღნიშნული დისკურსის სპეციფიური შტრიხები.

Ecrire un commentaire - Voir les 0 commentaires
Retour à l'accueil

კომენტარები

Créer un blog gratuit sur over-blog.com - Contact - C.G.U. - Rémunération en droits d'auteur - Signaler un abus