სმს-ის ენობრივი სამყარო

Publié le par Natia

სმს სივრცე არა მხოლოდ ელექტრონული სამყაროა არამედ უფრო “ლინგვისტურ სამყაროს” წარმოადგენს, რომელშიც, მიუხედავად ტექნიკური მედიუმისა,  მთავარი იარაღი მეტყველებაა, სწორედ მეტყველება ქმნის სივრცის შეგრძნებას. ამ სამყაროში ენის საშუალებით წარმოიშობა და ნარჩუნდება ურთიერთობები, იბმება სოციალური ქსელი, იქმნება დაჯგუფებები.

სმს-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია თავისუფლება როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ლინგვისტურ პლაში. მომხმარებლები, რომლებიც რეალური ურთიერთობის დროს შედარებით მორცხვები და დაკომპლექსებულები არიან, სმს-ის გამოყენებისას იხსნებიან, უფრო მეტს ლაპარაკობენ და უფრო თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრსა და გრძნობებს. რამდენადაც მოკლე ტექტური შეტყობინების დაწერას არავითარი წინასწარ განსაზღვრული წესი არ გააჩნია, მომხმარებელი ამ მხრივაც თავისუფალია და შეუძლია დიდი გასაქანი მისცეს საკუთარ ფანტაზიას ორთოგრაფიაში, ლექსიკასა თუ სიტყვათწარმოებაში. აქედან გამომდინარე, სმს მეტყველება  შემოქმედებით მიდგომასაც აძლევს სტიმულს და გარკვეულწილად ენის გამდიდრებასაც უწყობს ხელს (თუმცა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ძლიერი საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს და ბრძოლა სმს მეტყველების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არ წყდება).

თავისუფლების, შემოქმედებითობისა და ტექნიკური შეზღუდულობის პრინციპებიდან გამომდინარე სმს მეტყველება ტრადიციულთან შედარებით მნიშვნელოვან ლინგვისტურ ცვლილებებს განიცდის ორთოგრაფიის, ლექსიკის, სიტყვათწარმოების სფეროში.

გრაფიკის თვალსაზრისით სმს მეტყველება შეიძლება მივაკუთვნოთ “ნეოგრაფიას”, რომლზეც ლაპარაკობს ჟ. ანისი თავის კვლევებში და რომელიც აღნიშნავს “რაიმე პოზიტიური თუ ნეგატიური განსჯის გარეშე ორთოგრაფიული ნორმიდან გადახრილ გრაფიებს. ამგვარი თავისუფალი ხასიათი ვლინდება ისეთი ხერხების საშუალებით, როგორიცაა აბრევიაცია, ფონეტიზირებული გამარტივება, სტანდარტული ენიდან გადახრილი წარმოთქმების ტრანსკრიფცია  და ა.შ.” (Anis, 1998: 86).   ამას ემატება მახვილებისა თუ პუნქტუაციური ნიშნების გამოტოვება.

ლექსიკის თვალსაზრისით აღსანიშნავია ანგლოფონური ფორმების ხმარება: yo, cool, ok, bye. 

მომხმარებელი ხშირად იყენებს ასევე სხვადასხვა ფონეტიკურ სპელინგებს რათა შექმნას კონკრეტული ვერბალური ეფექტები, მაგალითად “hehe” სიცილის აღსანიშნავად, ან “muaha” მუქარის და სიცილის გამოსახატავად.

საინტერესო ფენომენია ასევე ემოციათა გამოსახატავად  სიცილაკების გამოყენება. 

კვლევებმა დაადასტურა, რომ  როგორც აბრევიაციას ასევე სიცლაკებსაც შედარებით ნაკლები ასკის მქონე მომხმარებლები უფრო მეტად იყენებენ. მამაკაცებთნ შედარებით კი მათ უფრო ხშირად ქალები გამოიყენებენ.

სმს მეტყველების სოციოლინგვისტური ასპექტების განხილვიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული მეტყველება ერთგვარად სტიგმატიზირებულია და უკავშირდება არა კონკრეტულ სოციალურ პროფილს, არამედ, პირველ რიგში ასაკს. ეს არის ახალგაზრდათა, უფრო კონკრეტულად თინეიჯერთათვის დამახასიათებელი მეტყველება, რომელიც, მართალია, წერითი ფორმით ხორციელდება, მაგრამ ზეპირმეტყველებასთან უფრო ახლოსაა.  

 

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article