სიცილაკების ფუნქცია

Publié le par Natia

შეიძლება გამოვყოთ სიცილაკების ოთხი ძირითადი ფუნქცია : ექსპრესიული, ირონისა და იუმორის გამომხატველი, მიმართებითი (ავტორსა და ადრესატს შორის ურთიერთდამოკიდებულება) და თავაზიანობის ფუნქცია.

 ექსპრესიული სიცილაკები

   ექსპრესიული სიცილაკები გასაგებს ხდის შეტყობინების ავტორის გრძნობებსა და ემოციებს როგორიცაა სიხარული, მოწყენილობა, სიბრაზე და ა.შ.  სიცილაკსა და შეტყობინების ვერბალურ შინაარსს შორის დამოკიდებულება შეიძლება სამი ტიპის იყოს:

1) ღიმილის სიცილაკმა შეიძლება ითამაშოს ექსპრესიული როლი როცა ატარებს  ინფორმაციას შეტყობინების ავტორის ემოციურ მდგომარეობაზე, რისი გაგებაც ვერბალური შინაარსით შეუძლებელია,

მაგ. გუშინ მცხეთაში ვიყავით, ვიპიკნიკეთ. ხო იცი როგორ მიყვარს ასეთი რამეები:)

ამ შემთხვევაში სიტუაციის აღწერა გამდიდრებულია შემფასებლური მოდალობით. ეს სიცილაკი შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე როგორც მონათხრობი მოვლენის მომენტში განცდილი ემოციის აღწერა.

2)  სიცილაკს შეუძლია ცხადი გახადოს შეტყობინების ემოციური პლანი, როცა ვერბალური შინაარსი რამდენიმე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა:

მაგ. მე რო დავბრუნდი ის უკვე სახლში იყო :(  

« ის უკვე სახლში იყო » აქ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური მნიშვნელობით. მწუხარების აღმნიშვენელი სიცილაკი კი მიუთითებს მეორე ინტერპრეტაციის სისწორეზე.

3) სიცილაკი აძლიერებს ვერბალურ შინაარსში არსებულ ექსპრესიულ ღირებულებას.

მაგ.  1. ვაა რა ხალხი! :) ჩამოხვედი უკვე? მაგისთვის გაგიშვი იქ ხალხი რო გადაგერია:))
         2. აუ ბოლოს მაინც უნდა მატირო რა:((


აქ სიცილაკების გარეშეც კარგად ჩანს შეტყობინების ემოციური ხასიათი.
   
სიცილაკების ექსპრესიული ფუნქცია შეიძლება შევადაროთ ზეპირ, პირისპირ ინტერაქციებში პარავერბალური და არავერბალური მონაცემების, განსაკუთრებით მიმოჟესტუალობის როლს. ამ თვალსაზრისით ექსპრესიული სიცილაკები შეიძლება გავაანალიზოთ როგორც ელექტრონული მეტყველებაში ზეპირი ხასიათის შემომტანი ხერხები.

 ირონიისა და იუმორის გამომხატველი სიცილაკები

ირონიული გამონათქვამებისთვის დამახასიათებელი სემანტიკური ინვერსიის ნიშნები ყოველთვის ადვილად ამოსაცნობი არ არის, ასეთ შემთხვევაში სიცილაკები თამაშობს იმავე როლს, რასაც პირისპირ დიალოგში _ არავერბალური და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელექტრონული დისკურსის ჰიბრიდულ ხასიათს.
  
თვალის ჩაკვრისა და ღიმილის სიცილაკებს შეუძლია გააძლიეროს ირონიული განზომილება შეტყობინებისა, რომელიც უკვე შეიცავს ირონიის დისკურსიულ ნიშნებს (ჰიპერბოლა, ანტიფრაზა და ა.შ) “გამიგია, ეგეთი მარადიული სიყვარულები წელიწადზე მეტს ვერ ძლებსო ;)” ) ან გამოააშკარაოს შეტყობინების ირონიული მხარე მაშინაც, როცა ვერბალური შინაარსი ამის საშულებას არ იძლევა:

მაგ. ისე ძმაკაცი გყავს უმაგრესი რა, გინდა საუბარი, გინდა ინტელექტი, მოვიხიბლე ნამდვილად :o)

  მიმართებითი სიცილაკები

სიცილაკის გამოყენება შეიძლება იმის მაჩვენებელიც იყოს, რომ შეტყობინების ავტორი ადრესატთან ახლობლურ ურთიერთობაშია. ზოგიერთი სიცილაკი შეიძლება გაანალიზირებულ იქნას, როგორცახლობლობის ტაქსემები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სხვა დისკურსიულ ნიშნებთან  (შენობით ლაპარაკი, ფამილიარული რეგისტრი) (მაგ.1) ან იფუნქციონირებს, როგორც ნეიტრალური ტონის მქონე შეტყობინებებში (თქვენობითი ლაპარაკი, დირექტივები) არსებული ერთადერთი ახლობლობის ტაქსემები (მაგ.2):

მაგ. 1. მაგ ფულით ერთი კაი ვიდეოკამერის ყიდვა შეგიძლია ონლაინში, ე-ბაყ-ზეა კაი არჩევანი ;-) 

         2 [...] ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს და დატოვეთ თქვენი მოსაზრება აქტუალური საკითხების შესახებ ;-) 

ამგვარად, ამ ტიპის სიცილაკები ურთიერთობების შენარჩუნებას ემსახურება, ისევე, როგორც ზოგიერთი არავერბალური მარკერი, როგორიცაა, მაგალითად ღიმილი.

 ზრდილობის სიცილაკები

სიცილაკები შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ზრდილობის ხერხები, რომელთა მიზანია ვერბალური შინაარსის მტრული ან მუქარითი ხასიათის შერბილება.

მაგ. შენც კარგად იცი რო არ იყავი მართალი, არ იყო მაგის თქმა საჭირო ;-)

ზრდილობის სიცილაკები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შეტყობინებებშიც, რომლებიც უკვე შეიცავს შემარბილებელ ხერხებს: მოდალური დეზაქტუალიზაცია, კრიტიკათა მოდალიზაცია და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი თამაშობენ პირისპირ ინტერაქციებში ინტონაციისა თუ მიმჟესტუალობის მსგავს როლს.

მაგ. მაგ საკითხზე ისევ იმავე აზრზე ვარ, უბრალოდ მგონი სწორად ვერ გამიგე:)

ამგვარი ტიპოლოგია თითქმის ყველა არსებული სიცილაკის გაანალიზების საშუალებას იძლევა. და მაინც, რამდენადაც ბევრი სიცილაკი საკმაოდ ბუნდოვანი რჩება, კრისტალი გვთავაზობს უფრო მარტივ კატეგორიზაციას: პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი სიცილაკები. რელაციურ პლანში შეიძლება ასევე გავიზიაროთ აზრი იმის შესახებ, რომ სიცილაკთა დიდ ნაწილს პირველ რიგში აქვს კომუნიკაციის დამყარებისა და კონტაქტის შენარჩუნების ფუნქცია. სიცილაკს გამოყენება საშუალებას იძლევა შემცირდეს ელექტრონული მეტყველების უსხეულო ასპექტი. ასევე შეიძლება სიცილაკების სოციალურ ფუნქციაზე ლაპარაკი: ისინი მიეკუთვნებიან კონკრეტულ სოციოლექტს და მიუთითებენ იმაზე, რომ ავტორი მიეკუთვნება ელექტრონული მეტყველების (სმს, ჩატი, ინტერნეტ ფორუმები) მომხმარებელთა ჯგუფს და ფლობს ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელ კოდებს.


1. ნ.ამაღლობელი, "სიცილაკების სტრუქტურა და მათი როლი ელექტრონულ მეტყველებაში", ინტელექტი, 2009.
Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article